Thursday, January 24, 2013



ბუნება და ადამიანი



შესავალი



         მწერალს სტივენ ფრაის კომენტარით, თუ ირგვლივ მიმოვიხედავთ, “ნებისმიერი სიუშნოვე” ჩვენს ირგვლივ ადამიანის ხელით არის შექმნილი; ეს არგუმენტი ხელს უწყობს საყოველთაოდ გავრცელებულ აზრს იმაზე, რომ ბუნება განუსაზღვრელად ლამაზია. ის ფაქტი, რომ ბუნების სილამაზე ადამიანის ხელოვნების აღმაფრენის უდიდესი წყარო იყო ოდითგანვე კიდევ უფრო აძლიერებს ბუნებასა და სილამაზეს შორის ასოციაციას. ამ აზრს იზიარებს მრავალი მეცნიერიც; ფრანგ მათემატიკოს, ჟულს ანრი პოანკარეს (1854-1912) უთქვამს:  
"მეცნიერი ბუნებას არ სწავლობს რადგან ეს მისთვის სასარგებლოა; მეცნიერი ბუნებას სწავლობს რადგან ის აღაფრთოვანებს მას, ის აღფთოვანებულია მით, რადგან ის ლამაზია. ბუნება ლამაზი რომ არ იყოს ის შესწავლის ღირსი არ იქნებოდა, და ბუნება შესწავლის ღირსი რომ არ იყოს, სიცოცხლე ცხოვრების ღირსი არ იქნებოდა. რა თქმა უნდა მე არ ვგულისხმობ სილამაზეს, რომელიც ჩვენს გრძნობებზე მოქმედებს - შემადგენლობისა და გარეგნობის სილამაზე; არც ამგვარი სილამაზის დაკნინება მსურს, თუმცა მას არავითარი კავშირი აქვს მეცნიერებასთან; მე ვგულისხმობ სილამაზეს, რომელიც მოდის ბუნების შემადგენელ ნაწილთა შორის ჰარმონიული წესრიგისგან, და რომლის შეცნობა წმინდა შემეცნებას ძალუძს".

საქართველოს ბუნება


ბუნების ცოცხალი მეტეოსამსახური


       ადამიანებში უხსოვარი დროიდან არსებობს ცოცხალ ბუნებასთან დაკავშირებული კარგი და ცუდი ნიშნების რწმენა. ეს იმან გამოიწვია, რომ ჯერ კიდევ არცთუ ისე დიდი ხნის წინათ მათთვის ძალიან ბევრი ბუნებრივი მოვლენა საიდუმლოებოთ იყო მოცული. ამიტომ მას ფანტასტიკურ, ზღაპრულ, ხშირად მისტიკურ განმარტებას აძლევდნენ. ასეთი ცრურწმენები უძველესი დროიდან მომდინარეობს. მაგალითად, ზოგს აშინებს შავი კატა, ზოგიც მნიშვნელოვან საქმესაც კი გადადებს ხოლმე, ოღონდაც არ დაიწყოს იგი ორშაბათს.


     ბევრის შეგნებაში ცრურწმენები ცხოვრობს დღესაც, ატომური ენერგიისა და კოსმოსში გაფრენის საუკუნეში.
და მართლაც, განა შეიძლება გვჯეროდეს ასეთი ნიშნის: თუ მანქანამ ბაყაყი გასრისა, აუცილებლად წვიმა წამოვა. რა კავშირი აქვს ბაყაყს წვიმასთან? ეს ნიშანი რომ სიმართლეს შეიცავდეს, რამდენ უსიამოვნებას გადარჩებოდნენ, ვთქვათ, კოლმეურნეები – დაიწყება თუ არა გვალვა, მოჰკალი ბაყაყი და სასურველი წვიმაც მოვა. მაგრამ, სამწუხაროდ, ყველაფერი ასე მარტივად როდი ხდება. მაშ, საიდან წარმოიშვა ასეთი ცრურწმენა? ამას შეიძლება შემდეგი ახსნა მივცეთ: წყლის ჩვეულებრივი ბაყაყი წყალსავიდან ხშირად სწორედ წვიმის წინ ამოდის და თავშესაფარს ხმელეთზე ეძებს. უამინდობას კი ეს წყალხმელეთა ცხოველი გაწვიმებამდე კარგა ხნით ადრე გრძნობს. ხმელეთზე ამოსულს, მას ტრანსპორტი ან სხვა რაიმე ძალა ხშირად სიცოცხლეს უსწრაფებს. აქ ხომ ბაყაყის მოკვლა უფრო ადვილია, ვიდრე წყალში. ცოტა ხნის შემდეგ წვიმა მართლაც მოვა. ასე და ამგვარად დაიბადა ცრურწმენა.

       მაგრამ უამრავი ცრურწმენიდან ზოგჯერ სწორ ნიშნებსაც ვხვდებით. ისინი შემოწმებულია არა წლობით, არამედ საუკუნეობით. ზოგიერთი ამჟამად მეცნიერულადაც არის დასაბუთებული. არსებობს აპარატები, რომლებიც ჰაერში მინიმალურ რხევებსაც აფეიქსირებს. მაგრამ ვერცერთი შეედრება კუტკალიას[1] სასმენ აპარატს, რომელსაც წყალბადის ატომის ნახევრის ტოლი ამპლიტუდის დაჭერა შეუძლია. ადამიანმა შექმნა მრავალი შესანიშნავი ხელსაწყო, მათ შორის სითბოს დამჭერი, მაგრამ ვერცერთი ახლოს ვერ მიდის “ხელსაწყოსთან”, რომლის დახმარებით გველი ფიქსაციას უკეთებს ჰაერში ტემპერატურის უმცირეს ცვლილებებს.

    ჩვენს ეპოქაში, როდესაც დედამიწის სრულიად განსხვავებულ კლიმატურ რაიონებში კაცობრიობას შესანიშნავი ხელსაწყოებით აღჭურვილი მეტეოროლოგიური სადგურები აქვს, მეცნიერები როდი უარყოფენ ზოგიერთ ხალხურ ცრურწმენას და წარმატებითაც იყენებენ მათ ამინდის პროგნოზირების საქმეში. გარდა ამისა, მეტეოროლოგიური ხელსაწყოები ყოველთვის ხელთ არ გაგვაჩნია. ამინდის ცვლილების ცოდნას კი სადღაც ტყეში ან მთაში დაბანაკებულთათვის დიდი მნიშვნელობა აქვს. აი, სად გამოგვადგება ცოცხალი ბარომეტრები. ასეთთა რიცხვს მიეკუთვნება, მაგალითად, სამყურა. თუ ეს მცენარე ფოთლებს ერთმანეთთან აახლოებს, ყვავილი კი თავს ჩაკიდებს და მოიწყენს, უნდა ვიგულისხმოთ, რომ მალე წვიმა წამოვა.

          ყველასთვის ცნობილი და საყვარელი ია! იგი სიხარულით შესცქერის სამყაროს იისფერი თვალებით. მაგრამ ეს მაშინ, როცა ცხრათვალა მზეც მხიარულად იჭყიტება. საკმარისია მოიღრუბლოს, ია დახურავს თავის ყვავილებს და მოწყენილი დედამიწას დაუწყებს ყურებას. იის მსგავსი “განწყობილებაც” უამინდობის მომასწავებელია.

      ბაბუაწვერას ყველგან შეხვდებით: მდელოზე, მინდორში, ველად, ტყეში. მის თეთრ ქუდებს იმდენად შეჩვეულები ვართ, რომ ადამიანები იშვიათად აქვეცენ მათ ყურადღებას. მაგრამ სულ ტყუილად! ბაბუაწვერაც ბარომეტრია. თუ ბზიან ამინდში სუსტ ქარსაც შორ მიაქვს მისი “ბუმბლები”, უამინდობის წინ ძლიერ ქარსაც ვერ ძალუძს მცენარისაგან მათი მოშორება. ამ დროს მცენარე მჭიდრო ქოლგად იკვრება.
ყვავილ–ბარომეტრები ბუნებაში ბევრია. მათ ძებნა არ უნდა. საჭიროა მხოლოდ მათი ცონდა.
არსებობს მცენარე–ბარომეტრების მეორე ტიპიც. მხოლოდ ეს მცენარეები ბარომეტრის როლს მწერებთან ერთად ასრულებენ. აკაციის ყვავილები, ჩვეულებრივ, მასობრივად იზიდავენ მწერებს. მაგრამ გამოერევა დღეები, როცა ამ მცენარის ყვავილებისთვის მწერები პირდაპირ “ჭკუას კარგავენ”. რაშია საქმე? თურმე წვიმის წინ ჰაერის ტენიანობა ჩვეულებრივ მატულობს. როგორც კი ეს ასე მოხდება, აკაცია მომეტებულად იწყებს ტკბილი წვენის – ნექტრის გამოყოფას. ჭარბი ნექტარი კი ნუგბარი საკვებია მწერებისთვის. ამგვარად, თუ აკაციას განსაკუტრებით ეხვევიან მწერები, წვიმაც არ დააგვიანებს. ეს უტყუარი ნიშანია.
მცენარეები სხვადასხვა გზით 15–20 საათით, ზოგიერთი კი (მაგალითად, ნეკერჩხალი) 3–4 დღით ადრე იტყობენ უამინდობას. ამჟამად მცენარე–ბარომეტრების 40–მდე სახეობაა ცნობილი.
ამინდის მოსალოდნელ ცვლილებებს მცენარეებზე მეტად ცხოველები გრძნობენ. ეს არცაა გასაკვირი: მათ ხომ გრძნობათა ორგანოები და ნერვული სისტემა გააჩნიათ. როდესაც ამინდი ფუჭდება, ერთნი სწრაფად მიმალვას ცდილობენ, სხვები საერთოდ არ გამოდიან თავიანთი თავშესაფრიდან, მესამენი, პირიქით, რაც შეიძლება სწრაფად ტოვებენსაცხოვრებელს, ხოლო სხვები კიდევ უფრო ამაგრებენ და უსაფრთხოს ხდიან თავიანთ ადგილ–სამყოფელს.
ძველად მეტეოროლოგია ცხოველთა ამ უნარს დიდი წარმატებით იყენებდა. ფრინველთა ალღო მას დიდ დახმარებას უწევდა ამინდის წინასწარ დადგენაში.
ვ. ანფილოვას წიგნში – “ფრინველთა მიმოფრენა” – ვკითხულობთ: “ზეცამ არ ინება, – ამბობს მიშლე, – რომ ნაპოლეონს 1811 წლის სექტემბერში მოესაზრა ჩრდილოეთის ფრინველების ნაადრევი გადაფრენის მიზეზი: ყარყატები და წეროები მშვენიერ რჩევას მისცემდნენ მას. მათი ნაადრევი გადაფრენით ის მიხვდებოდა, რომ ზამთარი აუცილებლად ხანგრძლივი და მკაცრი იქნებოდა… ფრინველები სამხრეთისკენ მიეშურებოდნენ, ხოლო ნაპოლეონი… ჩრდილოეთით დარჩა”.
მცენარეებისგან განსხვავებით, ცხოველ–ბარომეტრებს არა მარტო უამინდობის, არამედ კარგი ამინდის პროგნოზირებაც შეუძლიათ. მაგალითისთვის მოვიყვანოთ ფუნაგორია ხოჭო. თუ მწერმა ფრენა იწყო, თუნდაც იმ დროს წვიმა ცრიდეს და ცა ღრუბლებით იყოს დაფარული, ეს უკვე კარგი ამინდის უტყუარი ნიშანია: მზე გამოანათებს. პირიქით, თუ ფუნაგორიამ ფრენა შეწყვიტა, არც წვიმა დააყოვნებს.

     ძალიან მგრძნობიარენი არიან უამინდობის მიმართ ფუტკრები და იანველები. სხედან ფუტკრები სკაში, ცხვირს არ ყოფენ გარეთ – ამინდის გაფუჭებას უნდა ელოდე, გამოდიან ფუტკრები სკიდან, მაგრამ იქვე ახლოს ირევიან, მაშასადამე, პატარა წვიმა მაინც წამოუშხაპუნებს. ასეც ხდება: ფუტკრები ადრე დილით მიატოვებენ საცხოვრებელს და უკან გვიან საღამოს, ჩვეულებრივზე გაცილებით გვიან ბრუნდებიან. ეს იმის უცილობელი ნიშანია, რომ მწერებმა ზედმეტი საკვები მოიმარაგეს, მაშასადამე, უამინდობაც დიდხანს გაგრძელდება.
უამინდობისას ცხოველთა უმრავლესობა ენერგიულად ცდილობს თავი განარიდოს წვიმასა თუ ქარბუქს. ამისათვის ისინი საიმედოდ იმალებიან თავიან საცხოვრებელში. მაგრამ არსებობენ ისეთებიც, რომლებიც, პირიქით, ცდილობენ, რაც შეიძლება სწრაფად მიატოვონ თავშესაფარი. ეს, უპირველეს ყოვლისა, წვიმის ჭიაყელებზე ითქმის და სწორიცაა! წვიმის ჭარბ წყალს თავისუფლად შეუძლია ამოავსოს მათი საცხოვრებელი ხვრელები ნიადაგში და ამოხოცოს ისინი.
დღეისთვის არსებობს ხალსის მიერ მრავალჯერ გამოცდილი 600–მდე ცხოველი–ბარომეტრი. მაგრამ სწორად რომ გამოვიყენოთ ისინი პრაქტიკაში, არ მოვტყუვდეთ, საჭიროა ამ ცხოველთა რთული ქცევებისა და ცხოვრების პირობების კარგად ცოდნა. ასეთი ცოდნა კი ყველა დაინტერესებულ, დაკვირვებულ მოსწავლეს მოეთხოვება.


[1] კუტკალია(Tettigonioidea), მწერების ზეოჯახი სწორფრთიანთა რიგისა. ნაირჭამია მავნებლებია. გავრცელებულია თბილ და ზომიერ სარტყელში. მსოფლიოში ცნობილია. გვხვდება ძირითადად სამხრეთ რაიონებში. კერძოდ, ყირიმში, კავკასიასა და შუა აზიაში.
საქართველოში კუტკალიები იზამთრებენ ნიადაგში კვერცხის ფაზაში. მატლი იჩეკება გაზაფხულზე, 5-8-ჯერ იცვლის კანს და 1-2 თვის (სახეობების მიხედვით) შემდეგ გადაიქცევა იმაგოდ. კუტკალიები დიდ ზიანს აყენებენ მარცვლოვანებს, თამბაქოს, ვაზს.


ბუნებრივი საათები


              “მზის საათი”



    სანამ ახლანდელ საათებს გამოიგონებდნენ, ადამიანები დროს მზის საათებით იგებდნენ. ცნობილია, რომ მზე ამოდის აღმოსავლეთით და ჩადის დასავლეთით. მართალია, ზუსტად აღმოსავლეთით და ზუსტად დასავლეთით ეს ხდება მხოლოდ წელიწადში ორჯერ: 21 მარტსა და 23 სექტემბერს. ზაფხულში მზე ამოდის ჩრდილო–აღმოსავლეთით და ჩადის ჩრდილო–დასავლეთით. ზამთარში მნათობი ამოდის სამხრეთ–აღმოსავლეთით და ჩადის სამხრეთ–დასავლეთით.
დილით და საღამოთი მზე ჰორიზონტიდან დაბლა დგას. ჩრდილები ამ დროისათვის გრძელია. დღის განმავლობაში ჩრდილის მიმართულება განუწყვეტლივ იცვლება. ჩრდილი ყველაზე მოკლეა შუადღისას და ამ დროისათვის იგი ზუსტად ჩრდილოეთს მიგვანიშნებს.
ჩავაჭოთ მიწაში საკმაოდ მაღალი ჯოხი. შემოვხაზოთ მის გარშემო წრე. მასზე აღვნიშნოთ აღმოსავლეთი, ჩრდილოეთი და დასავლეთი. აღმოსავლეთი და დასავლეთი შევაერთოთ სწორი ხაზით. წრე გაიყოფა ზუსტად ორ ნაწილად. ახლა ჩრდილოეთის ნახევარი წრე გავყოთ 12 თანაბარ ნაწილად. შემდეგ, დასავლეთიდან მოყოლებული, თითოეულ ხაზთან დავწეროთ ციფრები 6–დან 12–მდე. რიცხვი 12 უნდა ემტხვეოდეს ნიშან “ჩრდილოეთს”. ამის შემდეგ დავუკვირდეთ ჯოხიდან ჩრდილის მოძრაობას. ჩრდილი, ზუსტად საათის ისრის მსგასად, გვიჩვენებს, თუ რომელი საათია. აი, ამგვარად აკეთებდნენ ერთ დროს მზის საათებს. ცნობილია, ჯოხის დახმარებით მზის სხივებით დროის გაგების სხვა წესებიც. როგორც ვიცით, ერთ–ერთი მათგანია გელათის დიდებულ ტაძარზე ჩვენი წინაპრების მიერ გაკეთებული მზის საათი.
მზის საათი მთლად ზუსტი არ არის. თანამედროვე საათის გარეშე დროის ზუსტი გაგება შეუძლიათ ასტრონომებს ვარსკვლავების მდებარეობის მიხედვით. ეს ძალიან ძნელი საქმეა და მას მხოლოდ სპეციალისტები ახერხებენ.

              “ყვავილების საათი”

       მოახლოებული უამინდობის მიმართ დიდად მგრძნობიარენი არიან მცენარეები. ამ დროს ისინი უფრო მძაფრად აფრქვევენ სურნელს, ხურავენ გვირგვინის ფურცლებს. ყვავილები “შეწყობილები” არიან მათ დამამტვრიანებელ მწერებთან. სანამ მწერებს სძინავთ, ანდა უამინდობისას თავშეფარებულები არიან, ყვავილები დახურულია. მცენარეთა ეს “ეშმაკობა” ჯერ კიდევ 18–ე საუკუნეში შეამჩნია გამოჩენილმა შვედმა ბიოლოგმა კარლ ლინემ. მეცნიერმა ჩრდილოეთის განედის 600 პირველმა მოაწყო “ყვავილების საათი”. აი, ამ საათის ზოგიერთი მონაცემი: 3–დან 5 საათამდე იშლება ფამფარა, 4–5 საათებში – ველური ვარდკაჭკაჭა, სალათა და ყვითელი ღიჭა. საინტერესოა ის დროც, როდესაც მცენარეები ყვავილებს ხურავენ. 8–10 საათზე იხურება ბაბუაწვერა, 9–10 საათზე – ფამფარა, 10–ზე ვარდკაჭკაჭა, სალათადა ყვითელი ღიჭა, 12–ზე გულყვითელა, 13–ზე ციმციმა, 17–ზე ხარნუყა, 19–20 საათებში ყვითელი შროშანი.

ბუნება მშვენიერია :)


ზაფხულის ორიენტირები


დადგა ზაფხული – ტურისტული მოგზაურობების, ექსკურსიების დრო. ტყეს, მთას, ისტორიულ ადგილებს, ძეგლებსა და სხვა საინტერესო ადგილებს ცოდნის მოყვარულთა ხმები აცოცხლებენ.

რაც მეტი გვივლია, რაც მეტად იცნობ ბუნებას და ერკვევი მის კანონზომიერებებში, მით უფრო გიადვილდება ექსპედიციები და ექსკურსიები.
ბუნებისმოყვარულთ აუცილებლად გამომუშავებული უნდა ჰქონდეთ ბუნებაში ორიენტაციის უნარი. ტურისტებს, ბიოლოგებს, გეოლოგებს, მონადირეებს უნდა შეეძლოთ ადგილზე ორიენტაცია, სხვანაირად, ბუნების საგნების მიხედვით ორიენტცაიის პოვნა.
მარწყვის, მოცვის, ხურტკმელის ნაყოფები მცენარის უფრო სამხრეთით მწიფდება. გაზაფხულობით და ზაფხულის დასაწისში ნორჩი ბალახი სამხრეთით უფრო ხშირი და მაღალია, ვიდრე ჩრდილოეთით.
ზაფხულის დასაწყისში სოკოები უმეტესად ხეთა და კუნძთა ჩრდილოეთით იზრდებიან, ხოლო ზაფხულის ბოლოსა და შემოდგომაზე, როდესაც ჰაერის ტემპერატურა ეცემა, მათი ნახვა ყველაზე მეტად მზით განათებულ ადგილებში შეიძლება.
ჭიანჭველათა ბუდეების ჩრდილოეთი მხარე უფრო დაფერდებულია, სამხრეთისა - შედარებით გლუვი.
უმეტეს შემთხვევაში ტყის ბილიკები დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ და ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ კეთდება...



მსაჯულები, მსჯავრდადებულნი და ადვოკატნი

           
         იყო დრო და ცხოველთა სასამართლო პროცესები ჩვეულებრივ ამბად ითვლებოდა. ცხოველი და სამართალი? ეს ხომ სასაცილოა! მაგრამ ასე გრძელდებოდა თითქმის 20–ე საუკუნის დასაწყისამდე. ევროპის მრავალ ქვეყანაში ასამართლებდნენ მწერებსა და ფრინველებს, ძუძუმწოვრებსა და გველებს. ასამართლებდნენ სასამართლო წესების სრული დაცვით. გამოძიება დაკითხვებითა და ბრალდებულთა წამებით მიმდინარეობდა. სასამრთლო პროცესის სრული შემადგენლობით იმართებოდა. გამოდიოდა ბრალმდებელი და დამცველი. და ეს არავის აოცებდა იმხანად, რადგან ფიქრობდნენ, რომ ცხოველიც შეგნებულად მოქმედებს, ე.ი. მათ “პასუხიც უნდა აგონ” კიდეც თავიანთი ქმედებისთვის. 
ამ მოვლენის ფესვები ძალიან ღრმაა. იგი დაკავშირებულია იმ უძველეს წარმოდგენებთან, რომლის მეოხებითაც ცხოველს მიაწერდნენ იმ თვისებებს, რითაც ადამიანია დაჯილდოებული. პირველყოფილ თემურ საზოგადოებაში თითოეულ ტომს თავისი ტოტემი ჰყავდა. ტოტემი იყო რომელიმე ცხოველი და მას თემის წინაპრად თვლიდნენ. ფიქრობდნენ, რომ სიკვდილის შემდეგ ადამიანის სული გადასახლდება ამა თუ იმ ცხოველში და ასე განაგრძობს სიცოცხლეს. ზოგიერთ ხალხში ახლაც ითვლება ცხოველი “წმინდანად”. ვინც ინდოეთში ყოფილა, ან მის შესახებ კინოფილმები უნახავს, უთუოდ შეამჩნევდა, რომ ქუჩებში სრულიად უადგილო ადგილას, განუკითხავად წევს ნახირი და მშვიდად იცოხნება, მის ირგვლივ კი მანქანების განუწყვეტელი სრბოლაა… აბა, გაბედოს რომელიმე მძღოლმა და დაუშავოს რაიმე ამ ცხოველს. მას საშიში სასჯელი ემუქრება!
სამართლებრივი დამოკიდებულება ცხოველის მიმართ შეიმჩნევა ჯერ კიდევ პირველყოფილ სამართალში. ასე, მაგალითად, მოსეს კანონმდებლობის მიხედვით, ხარი, რომელიც რქებით მოკლავდა ადამიანს, უნდა ჩაექოლათ ქვებით, მისი ხორცის ჭამა აკრძალული იყო.
უძველესი ირანელების წმინდა წიგნ “ზენდ ავესტაში”, ზარათუშტრა ეკითხება ღმერთ აჰურამაზდას, თუ როგორ უნდა მოექცნენ ცოფიან ძაღლს, რომელიც კბენს ადამიანებსა და საქონელს, რადგან ძაღლი, მათი რწმენით, წმინდა ცხოველად ითვლებოდა. ღმერთი უპასუხებს, რომ ასეთ შემთხვევაში ცოფიან ძაღლს პირველ კბენაზე ყური უნდა მოაჭრა, მეორეზე მარცხენა, მერე კი თითო კბენაზე თითო ფეხი…
ძველი ბერძნებიც თვლიდნენ, რომ ცხოველებს სამართლებრივი პასუხი უნდა ეგოთ ქმედებისათვის. პითაგორასა და ემპედოკლეს აზრით, ცხოველებს გააჩნიათ სული, ხოლო პლატონის აზრით, ადამიანის მკვლელი ცხოველი უნდა გაასამართლონ: ამისთვის მოკლულის ნათესავებმა უნდა სარჩელი აღძრან, ცხოველი უნდა გაასამართლონ და სიკვდილით დასაჯონ, ამასთან გვამი გატანილ უნდა იქნას ქვეყნის საზღვრის გარეთ. იგივე პლატონის აზრით, უსულო საგნებიც კი, თუ კი ისინი ადამიანს ავნებდნენ, უნდა გაესამართლებინათ. რუსეთის მეფემ გაასამართლა საეკლესიო ზარი, რომელმაც ამბოხებისაკენ მოუწოდა მშრომელ ხალხს და მოსკოვიდან ციმბირში “გადაასახლა” იგი…
რომში ნუმა ნუმა პომპილიუსი ასამართლებდა იმ ცხოველებს, რომლებიც არა მარტო სახელმწიფო საზღვრებს არღვევდნენ, არამედ საოჯახო მიჯნებსაც კი და მათ სიკვდილით სჯიდნენ.
რა ცოდვებს არ მიაწერდნენ საწყალ ცხოველებს, მათ კი “პასუხი უნდა ეგოთ” სასამართლოს წინაშე. ვიქტორ ჰიუგოს შესანიშნავ რომანში “პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი” ასამართლებენ ესმერალდას მის ბეკეკასთან ერთად. ეს ეპიზოდი სინამდვილიდან არის აღებული.
განსაკუთრებით მძვინვარებდა თავისი უგუნურობით ცნობილი შუასაუკუნეობრივი ინკვიზიცია. 1313 წელს ბუღა გაიქცა თავლიდან და გამძვინვარებულმა გზად კაცი მოკლა. მკვლელობის ადგილზე გამომძიებელი მობრძანდა გრაფ კარლ დე ვალუას ბრძანებით, გამოიკვლია დაწვრილებითი ცნობები, შეიქმნა სასამართლო საქმე, სასამართლომ ხარს მიუსაჯა ჩამოხრჩობა და ის, მართლაც ჩამოახრჩეს იმავე ადგილზე, სადაც მან კაცი მოკლა.
არქივებში მოინახა 1408 წლის ანგარიში, საიდანაც ჩანს, რომ 5 წლის ბავშვის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ღორის შენახვა ციხეში იმდენივე ჯდებოდა, რაც მსჯავრდადებული ადამიანისა. 1457 წელს საფრანგეთში გაასამართლეს ღორი და მისი 6 გოჭი, მას ბრალად ედებოდა 5 წლის ბიჭის მოკვლა. სასამართლომ ღორი დამნაშავედ სცნო და მიუსაჯა მას ჩამოკიდება უკანა ეხებით, გოჭების დანაშაული ვერ დამტკიცდა, მაგრამ მოახდინეს მისი კონფისკაცია სასამართლოს წევრების სასარგებლოდ!
ასეთი “სასამართლო პროცესები” 20–ე საუკუნის დასაწყისამდე გრძელდებოდა. განსაკუთრებით ისინი მიღებული იყო სამხრეთსლავურ ხალხებში. ასე, იუგოსლავიაში, სასამართლო პროცესები იმართებოდა ცხენის, ხარის, ღორის მიმართ, მაგრამ ასეთ პროცესებზე პირუტყვის პატრონებსაც იბარებდნენ, რომელსაც ზარალი უნდა ეზღო. თუ მას ეს არ უნდოდა, იგი აცხადებდა, რომ პირუტყვი ეშმაკმა დაისაკუთრა. მაშინ ცხოველს ჩაქოლავდნენ.
1864 წელს სლოვაკიის სოფელ პლეტენიკაში გაასამართლეს ღორი, რომელმაც ყური მოაჭამა ერთი წლის გოგონას. თემს მიუსაჯეს ამ გოგონას გამზითვება. 1886 წელს პოდზეგსკაია დოლინაში, სლოვენიაში, გამრავლდა კალია. დაიირეს ერთი კალია, გაასაართლესდა დახრჩობა მიუსაჯეს. სოფლის მოსახლეობა გაემართა მდინარისაკენ, სადაც ეს კალია დიდის ამბით დაახრჩვეს წყალში…
ეხლა ასეთი ამბები ზღაპრებს მოგვაგონებს, მაგრამ ხომ სიმართლეა, რომ კაცობრიობის ისტორიას ახსოვს ცხოველთა სასამართლო პროცესები.