Thursday, January 24, 2013


ბუნების ცოცხალი მეტეოსამსახური


       ადამიანებში უხსოვარი დროიდან არსებობს ცოცხალ ბუნებასთან დაკავშირებული კარგი და ცუდი ნიშნების რწმენა. ეს იმან გამოიწვია, რომ ჯერ კიდევ არცთუ ისე დიდი ხნის წინათ მათთვის ძალიან ბევრი ბუნებრივი მოვლენა საიდუმლოებოთ იყო მოცული. ამიტომ მას ფანტასტიკურ, ზღაპრულ, ხშირად მისტიკურ განმარტებას აძლევდნენ. ასეთი ცრურწმენები უძველესი დროიდან მომდინარეობს. მაგალითად, ზოგს აშინებს შავი კატა, ზოგიც მნიშვნელოვან საქმესაც კი გადადებს ხოლმე, ოღონდაც არ დაიწყოს იგი ორშაბათს.


     ბევრის შეგნებაში ცრურწმენები ცხოვრობს დღესაც, ატომური ენერგიისა და კოსმოსში გაფრენის საუკუნეში.
და მართლაც, განა შეიძლება გვჯეროდეს ასეთი ნიშნის: თუ მანქანამ ბაყაყი გასრისა, აუცილებლად წვიმა წამოვა. რა კავშირი აქვს ბაყაყს წვიმასთან? ეს ნიშანი რომ სიმართლეს შეიცავდეს, რამდენ უსიამოვნებას გადარჩებოდნენ, ვთქვათ, კოლმეურნეები – დაიწყება თუ არა გვალვა, მოჰკალი ბაყაყი და სასურველი წვიმაც მოვა. მაგრამ, სამწუხაროდ, ყველაფერი ასე მარტივად როდი ხდება. მაშ, საიდან წარმოიშვა ასეთი ცრურწმენა? ამას შეიძლება შემდეგი ახსნა მივცეთ: წყლის ჩვეულებრივი ბაყაყი წყალსავიდან ხშირად სწორედ წვიმის წინ ამოდის და თავშესაფარს ხმელეთზე ეძებს. უამინდობას კი ეს წყალხმელეთა ცხოველი გაწვიმებამდე კარგა ხნით ადრე გრძნობს. ხმელეთზე ამოსულს, მას ტრანსპორტი ან სხვა რაიმე ძალა ხშირად სიცოცხლეს უსწრაფებს. აქ ხომ ბაყაყის მოკვლა უფრო ადვილია, ვიდრე წყალში. ცოტა ხნის შემდეგ წვიმა მართლაც მოვა. ასე და ამგვარად დაიბადა ცრურწმენა.

       მაგრამ უამრავი ცრურწმენიდან ზოგჯერ სწორ ნიშნებსაც ვხვდებით. ისინი შემოწმებულია არა წლობით, არამედ საუკუნეობით. ზოგიერთი ამჟამად მეცნიერულადაც არის დასაბუთებული. არსებობს აპარატები, რომლებიც ჰაერში მინიმალურ რხევებსაც აფეიქსირებს. მაგრამ ვერცერთი შეედრება კუტკალიას[1] სასმენ აპარატს, რომელსაც წყალბადის ატომის ნახევრის ტოლი ამპლიტუდის დაჭერა შეუძლია. ადამიანმა შექმნა მრავალი შესანიშნავი ხელსაწყო, მათ შორის სითბოს დამჭერი, მაგრამ ვერცერთი ახლოს ვერ მიდის “ხელსაწყოსთან”, რომლის დახმარებით გველი ფიქსაციას უკეთებს ჰაერში ტემპერატურის უმცირეს ცვლილებებს.

    ჩვენს ეპოქაში, როდესაც დედამიწის სრულიად განსხვავებულ კლიმატურ რაიონებში კაცობრიობას შესანიშნავი ხელსაწყოებით აღჭურვილი მეტეოროლოგიური სადგურები აქვს, მეცნიერები როდი უარყოფენ ზოგიერთ ხალხურ ცრურწმენას და წარმატებითაც იყენებენ მათ ამინდის პროგნოზირების საქმეში. გარდა ამისა, მეტეოროლოგიური ხელსაწყოები ყოველთვის ხელთ არ გაგვაჩნია. ამინდის ცვლილების ცოდნას კი სადღაც ტყეში ან მთაში დაბანაკებულთათვის დიდი მნიშვნელობა აქვს. აი, სად გამოგვადგება ცოცხალი ბარომეტრები. ასეთთა რიცხვს მიეკუთვნება, მაგალითად, სამყურა. თუ ეს მცენარე ფოთლებს ერთმანეთთან აახლოებს, ყვავილი კი თავს ჩაკიდებს და მოიწყენს, უნდა ვიგულისხმოთ, რომ მალე წვიმა წამოვა.

          ყველასთვის ცნობილი და საყვარელი ია! იგი სიხარულით შესცქერის სამყაროს იისფერი თვალებით. მაგრამ ეს მაშინ, როცა ცხრათვალა მზეც მხიარულად იჭყიტება. საკმარისია მოიღრუბლოს, ია დახურავს თავის ყვავილებს და მოწყენილი დედამიწას დაუწყებს ყურებას. იის მსგავსი “განწყობილებაც” უამინდობის მომასწავებელია.

      ბაბუაწვერას ყველგან შეხვდებით: მდელოზე, მინდორში, ველად, ტყეში. მის თეთრ ქუდებს იმდენად შეჩვეულები ვართ, რომ ადამიანები იშვიათად აქვეცენ მათ ყურადღებას. მაგრამ სულ ტყუილად! ბაბუაწვერაც ბარომეტრია. თუ ბზიან ამინდში სუსტ ქარსაც შორ მიაქვს მისი “ბუმბლები”, უამინდობის წინ ძლიერ ქარსაც ვერ ძალუძს მცენარისაგან მათი მოშორება. ამ დროს მცენარე მჭიდრო ქოლგად იკვრება.
ყვავილ–ბარომეტრები ბუნებაში ბევრია. მათ ძებნა არ უნდა. საჭიროა მხოლოდ მათი ცონდა.
არსებობს მცენარე–ბარომეტრების მეორე ტიპიც. მხოლოდ ეს მცენარეები ბარომეტრის როლს მწერებთან ერთად ასრულებენ. აკაციის ყვავილები, ჩვეულებრივ, მასობრივად იზიდავენ მწერებს. მაგრამ გამოერევა დღეები, როცა ამ მცენარის ყვავილებისთვის მწერები პირდაპირ “ჭკუას კარგავენ”. რაშია საქმე? თურმე წვიმის წინ ჰაერის ტენიანობა ჩვეულებრივ მატულობს. როგორც კი ეს ასე მოხდება, აკაცია მომეტებულად იწყებს ტკბილი წვენის – ნექტრის გამოყოფას. ჭარბი ნექტარი კი ნუგბარი საკვებია მწერებისთვის. ამგვარად, თუ აკაციას განსაკუტრებით ეხვევიან მწერები, წვიმაც არ დააგვიანებს. ეს უტყუარი ნიშანია.
მცენარეები სხვადასხვა გზით 15–20 საათით, ზოგიერთი კი (მაგალითად, ნეკერჩხალი) 3–4 დღით ადრე იტყობენ უამინდობას. ამჟამად მცენარე–ბარომეტრების 40–მდე სახეობაა ცნობილი.
ამინდის მოსალოდნელ ცვლილებებს მცენარეებზე მეტად ცხოველები გრძნობენ. ეს არცაა გასაკვირი: მათ ხომ გრძნობათა ორგანოები და ნერვული სისტემა გააჩნიათ. როდესაც ამინდი ფუჭდება, ერთნი სწრაფად მიმალვას ცდილობენ, სხვები საერთოდ არ გამოდიან თავიანთი თავშესაფრიდან, მესამენი, პირიქით, რაც შეიძლება სწრაფად ტოვებენსაცხოვრებელს, ხოლო სხვები კიდევ უფრო ამაგრებენ და უსაფრთხოს ხდიან თავიანთ ადგილ–სამყოფელს.
ძველად მეტეოროლოგია ცხოველთა ამ უნარს დიდი წარმატებით იყენებდა. ფრინველთა ალღო მას დიდ დახმარებას უწევდა ამინდის წინასწარ დადგენაში.
ვ. ანფილოვას წიგნში – “ფრინველთა მიმოფრენა” – ვკითხულობთ: “ზეცამ არ ინება, – ამბობს მიშლე, – რომ ნაპოლეონს 1811 წლის სექტემბერში მოესაზრა ჩრდილოეთის ფრინველების ნაადრევი გადაფრენის მიზეზი: ყარყატები და წეროები მშვენიერ რჩევას მისცემდნენ მას. მათი ნაადრევი გადაფრენით ის მიხვდებოდა, რომ ზამთარი აუცილებლად ხანგრძლივი და მკაცრი იქნებოდა… ფრინველები სამხრეთისკენ მიეშურებოდნენ, ხოლო ნაპოლეონი… ჩრდილოეთით დარჩა”.
მცენარეებისგან განსხვავებით, ცხოველ–ბარომეტრებს არა მარტო უამინდობის, არამედ კარგი ამინდის პროგნოზირებაც შეუძლიათ. მაგალითისთვის მოვიყვანოთ ფუნაგორია ხოჭო. თუ მწერმა ფრენა იწყო, თუნდაც იმ დროს წვიმა ცრიდეს და ცა ღრუბლებით იყოს დაფარული, ეს უკვე კარგი ამინდის უტყუარი ნიშანია: მზე გამოანათებს. პირიქით, თუ ფუნაგორიამ ფრენა შეწყვიტა, არც წვიმა დააყოვნებს.

     ძალიან მგრძნობიარენი არიან უამინდობის მიმართ ფუტკრები და იანველები. სხედან ფუტკრები სკაში, ცხვირს არ ყოფენ გარეთ – ამინდის გაფუჭებას უნდა ელოდე, გამოდიან ფუტკრები სკიდან, მაგრამ იქვე ახლოს ირევიან, მაშასადამე, პატარა წვიმა მაინც წამოუშხაპუნებს. ასეც ხდება: ფუტკრები ადრე დილით მიატოვებენ საცხოვრებელს და უკან გვიან საღამოს, ჩვეულებრივზე გაცილებით გვიან ბრუნდებიან. ეს იმის უცილობელი ნიშანია, რომ მწერებმა ზედმეტი საკვები მოიმარაგეს, მაშასადამე, უამინდობაც დიდხანს გაგრძელდება.
უამინდობისას ცხოველთა უმრავლესობა ენერგიულად ცდილობს თავი განარიდოს წვიმასა თუ ქარბუქს. ამისათვის ისინი საიმედოდ იმალებიან თავიან საცხოვრებელში. მაგრამ არსებობენ ისეთებიც, რომლებიც, პირიქით, ცდილობენ, რაც შეიძლება სწრაფად მიატოვონ თავშესაფარი. ეს, უპირველეს ყოვლისა, წვიმის ჭიაყელებზე ითქმის და სწორიცაა! წვიმის ჭარბ წყალს თავისუფლად შეუძლია ამოავსოს მათი საცხოვრებელი ხვრელები ნიადაგში და ამოხოცოს ისინი.
დღეისთვის არსებობს ხალსის მიერ მრავალჯერ გამოცდილი 600–მდე ცხოველი–ბარომეტრი. მაგრამ სწორად რომ გამოვიყენოთ ისინი პრაქტიკაში, არ მოვტყუვდეთ, საჭიროა ამ ცხოველთა რთული ქცევებისა და ცხოვრების პირობების კარგად ცოდნა. ასეთი ცოდნა კი ყველა დაინტერესებულ, დაკვირვებულ მოსწავლეს მოეთხოვება.


[1] კუტკალია(Tettigonioidea), მწერების ზეოჯახი სწორფრთიანთა რიგისა. ნაირჭამია მავნებლებია. გავრცელებულია თბილ და ზომიერ სარტყელში. მსოფლიოში ცნობილია. გვხვდება ძირითადად სამხრეთ რაიონებში. კერძოდ, ყირიმში, კავკასიასა და შუა აზიაში.
საქართველოში კუტკალიები იზამთრებენ ნიადაგში კვერცხის ფაზაში. მატლი იჩეკება გაზაფხულზე, 5-8-ჯერ იცვლის კანს და 1-2 თვის (სახეობების მიხედვით) შემდეგ გადაიქცევა იმაგოდ. კუტკალიები დიდ ზიანს აყენებენ მარცვლოვანებს, თამბაქოს, ვაზს.

No comments:

Post a Comment