მსაჯულები,
მსჯავრდადებულნი და
ადვოკატნი
იყო
დრო და ცხოველთა სასამართლო პროცესები ჩვეულებრივ ამბად ითვლებოდა. ცხოველი და სამართალი?
ეს ხომ სასაცილოა! მაგრამ ასე გრძელდებოდა თითქმის 20–ე საუკუნის დასაწყისამდე. ევროპის
მრავალ ქვეყანაში ასამართლებდნენ მწერებსა და ფრინველებს, ძუძუმწოვრებსა და გველებს.
ასამართლებდნენ სასამართლო წესების სრული დაცვით. გამოძიება დაკითხვებითა და ბრალდებულთა
წამებით მიმდინარეობდა. სასამრთლო პროცესის სრული შემადგენლობით იმართებოდა. გამოდიოდა
ბრალმდებელი და დამცველი. და ეს არავის აოცებდა იმხანად, რადგან ფიქრობდნენ, რომ ცხოველიც
შეგნებულად მოქმედებს, ე.ი. მათ “პასუხიც უნდა აგონ” კიდეც თავიანთი ქმედებისთვის.
ამ მოვლენის ფესვები ძალიან ღრმაა. იგი დაკავშირებულია
იმ უძველეს წარმოდგენებთან, რომლის მეოხებითაც ცხოველს მიაწერდნენ იმ თვისებებს, რითაც
ადამიანია დაჯილდოებული. პირველყოფილ თემურ საზოგადოებაში თითოეულ ტომს თავისი ტოტემი
ჰყავდა. ტოტემი იყო რომელიმე ცხოველი და მას თემის წინაპრად თვლიდნენ. ფიქრობდნენ,
რომ სიკვდილის შემდეგ ადამიანის სული გადასახლდება ამა თუ იმ ცხოველში და ასე განაგრძობს
სიცოცხლეს. ზოგიერთ ხალხში ახლაც ითვლება ცხოველი “წმინდანად”. ვინც ინდოეთში ყოფილა,
ან მის შესახებ კინოფილმები უნახავს, უთუოდ შეამჩნევდა, რომ ქუჩებში სრულიად უადგილო
ადგილას, განუკითხავად წევს ნახირი და მშვიდად იცოხნება, მის ირგვლივ კი მანქანების
განუწყვეტელი სრბოლაა… აბა, გაბედოს რომელიმე მძღოლმა და დაუშავოს რაიმე ამ ცხოველს.
მას საშიში სასჯელი ემუქრება!
სამართლებრივი დამოკიდებულება ცხოველის მიმართ შეიმჩნევა
ჯერ კიდევ პირველყოფილ სამართალში. ასე, მაგალითად, მოსეს კანონმდებლობის მიხედვით,
ხარი, რომელიც რქებით მოკლავდა ადამიანს, უნდა ჩაექოლათ ქვებით, მისი ხორცის ჭამა აკრძალული
იყო.
უძველესი ირანელების წმინდა წიგნ “ზენდ ავესტაში”, ზარათუშტრა
ეკითხება ღმერთ აჰურამაზდას, თუ როგორ უნდა მოექცნენ ცოფიან ძაღლს, რომელიც კბენს ადამიანებსა
და საქონელს, რადგან ძაღლი, მათი რწმენით, წმინდა ცხოველად ითვლებოდა. ღმერთი უპასუხებს,
რომ ასეთ შემთხვევაში ცოფიან ძაღლს პირველ კბენაზე ყური უნდა მოაჭრა, მეორეზე მარცხენა,
მერე კი თითო კბენაზე თითო ფეხი…
ძველი ბერძნებიც თვლიდნენ, რომ ცხოველებს სამართლებრივი
პასუხი უნდა ეგოთ ქმედებისათვის. პითაგორასა და ემპედოკლეს აზრით, ცხოველებს გააჩნიათ
სული, ხოლო პლატონის აზრით, ადამიანის მკვლელი ცხოველი უნდა გაასამართლონ: ამისთვის
მოკლულის ნათესავებმა უნდა სარჩელი აღძრან, ცხოველი უნდა გაასამართლონ და სიკვდილით
დასაჯონ, ამასთან გვამი გატანილ უნდა იქნას ქვეყნის საზღვრის გარეთ. იგივე პლატონის
აზრით, უსულო საგნებიც კი, თუ კი ისინი ადამიანს ავნებდნენ, უნდა გაესამართლებინათ.
რუსეთის მეფემ გაასამართლა საეკლესიო ზარი, რომელმაც ამბოხებისაკენ მოუწოდა მშრომელ
ხალხს და მოსკოვიდან ციმბირში “გადაასახლა” იგი…
რომში ნუმა ნუმა პომპილიუსი ასამართლებდა იმ ცხოველებს,
რომლებიც არა მარტო სახელმწიფო საზღვრებს არღვევდნენ, არამედ საოჯახო მიჯნებსაც კი
და მათ სიკვდილით სჯიდნენ.
რა ცოდვებს არ მიაწერდნენ საწყალ ცხოველებს, მათ კი
“პასუხი უნდა ეგოთ” სასამართლოს წინაშე. ვიქტორ ჰიუგოს შესანიშნავ რომანში “პარიზის
ღვთისმშობლის ტაძარი” ასამართლებენ ესმერალდას მის ბეკეკასთან ერთად. ეს ეპიზოდი სინამდვილიდან
არის აღებული.
განსაკუთრებით მძვინვარებდა თავისი უგუნურობით ცნობილი
შუასაუკუნეობრივი ინკვიზიცია. 1313 წელს ბუღა გაიქცა თავლიდან და გამძვინვარებულმა
გზად კაცი მოკლა. მკვლელობის ადგილზე გამომძიებელი მობრძანდა გრაფ კარლ დე ვალუას ბრძანებით,
გამოიკვლია დაწვრილებითი ცნობები, შეიქმნა სასამართლო საქმე, სასამართლომ ხარს მიუსაჯა
ჩამოხრჩობა და ის, მართლაც ჩამოახრჩეს იმავე ადგილზე, სადაც მან კაცი მოკლა.
არქივებში მოინახა 1408 წლის ანგარიში, საიდანაც ჩანს,
რომ 5 წლის ბავშვის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ღორის შენახვა ციხეში იმდენივე ჯდებოდა,
რაც მსჯავრდადებული ადამიანისა. 1457 წელს საფრანგეთში გაასამართლეს ღორი და მისი
6 გოჭი, მას ბრალად ედებოდა 5 წლის ბიჭის მოკვლა. სასამართლომ ღორი დამნაშავედ სცნო
და მიუსაჯა მას ჩამოკიდება უკანა ეხებით, გოჭების დანაშაული ვერ დამტკიცდა, მაგრამ
მოახდინეს მისი კონფისკაცია სასამართლოს წევრების სასარგებლოდ!
ასეთი “სასამართლო პროცესები” 20–ე საუკუნის დასაწყისამდე
გრძელდებოდა. განსაკუთრებით ისინი მიღებული იყო სამხრეთსლავურ ხალხებში. ასე, იუგოსლავიაში,
სასამართლო პროცესები იმართებოდა ცხენის, ხარის, ღორის მიმართ, მაგრამ ასეთ პროცესებზე
პირუტყვის პატრონებსაც იბარებდნენ, რომელსაც ზარალი უნდა ეზღო. თუ მას ეს არ უნდოდა,
იგი აცხადებდა, რომ პირუტყვი ეშმაკმა დაისაკუთრა. მაშინ ცხოველს ჩაქოლავდნენ.
1864 წელს სლოვაკიის სოფელ პლეტენიკაში გაასამართლეს
ღორი, რომელმაც ყური მოაჭამა ერთი წლის გოგონას. თემს მიუსაჯეს ამ გოგონას გამზითვება.
1886 წელს პოდზეგსკაია დოლინაში, სლოვენიაში, გამრავლდა კალია. დაიირეს ერთი კალია,
გაასაართლესდა დახრჩობა მიუსაჯეს. სოფლის მოსახლეობა გაემართა მდინარისაკენ, სადაც
ეს კალია დიდის ამბით დაახრჩვეს წყალში…
ეხლა ასეთი ამბები ზღაპრებს მოგვაგონებს, მაგრამ ხომ
სიმართლეა, რომ კაცობრიობის ისტორიას ახსოვს ცხოველთა სასამართლო პროცესები.